რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ის ამბობს, რომ საქართველოს NATO-ში "ძალით შეყვანას" ცდილობენ.
პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას არ განუხილავთ ჰიპოთეტური სცენარები, "მათ შორის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ძალით შეყვანასთან დაკავშირებული სცენარები".
"ჩვენი პოზიცია NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით ცნობილია: წითელი ხაზი იქნება, თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უფრო და უფრო ახლოს გადაადგილებას", - განაცხადა ლავროვმა.
NATO-ში გაწევრიანებას 2008 წლის რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის 77%-მა დაუჭირა მხარი. მას შემდეგ არაერთი კვლევით დასტურდება, რომ უმრავლესობა კვლავ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა.
17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც NATO-ს და აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს და კონკრეტულ პირობებსაც აყენებს.
რუსეთი ნატოს შემდგომი გაფართოების და უკრაინასთან ალიანსის გამორიცხვას ითხოვს. ასევე, მოითხოვს, NATO-ს ჯარები 1997 წლის მაისის განლაგებას დაუბრუნდნენ, ანუ იმ პოზიციებზე დაბრუნდნენ, სანამ ალიანსში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიიღებდნენ.
რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-სგან მოითხოვა, გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზე.